ღვინო “ხვანჭკარა”

“ხვანჭკარა” – ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან.

ღვინო “ხვანჭკარა” ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.

ღვინო “ხვანჭკარის” წარმოების მიკროზონა

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “ხვანჭკარა” მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42030′ და აღმოსავლეთი გრძედის 43000′ კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება, აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე – რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.

ღვინო “ხვანჭკარის” მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ზოგიერთ წლებში “ხვანჭკარის” ღვინომასალის მიღება შესაძლებელია ცაგერის რაიონის სოფლებში _ ალპანასა და ორბელში.
ღვინო “ხვანჭკარის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5-12,0

შაქრის მასური კონცენტრაცია – 30-50 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა - 5-7 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა, არა უმეტეს – 1,2 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3

გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3

თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.

ღვინო “ხვანჭკარას” სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები

“ხვანჭკარის” მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით 903 ჰას. აქედან ალექსანდროულსა და მუჯურეთულს უკავია 40% ე. ი. დაახლოებით 360 ჰა.

წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 2520 ტ. I ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნას 163 000 დეკალიტრი ღვინომასალა

“ხვანჭკარის” მიკროზონის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა –კლდეებით დაცულ ქვაბულში, მდინარე რიონისაკენ დაქანებულ ფერდობებზე შექმნილი მიკროკლიმატი, ნეშომპალა-კვარცითა და კირქვებით მდიდარი ხირხატიანი ნიადაგები, სითბოს შთანთქმისა და გაცივების მაღალი უნარი, აბორიგენული ჯიშების ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უნიკალურობა, ორიგინალური ტექნოლოგია, განსაზღვრავს ღვინო “ხვანჭკარის” განსაკუთრებულ თვისებებს.

© საქპატენტი

Comments are closed.


Georgian TopSites
List Clicky Web Analytics